logo
ENG



"მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას" - პარლამენტთან აქცია გაიმართა

10 ოქტ 202221:33
3 წუთის საკითხავი
 
"მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას" - პარლამენტთან აქცია გაიმართა
ვახო ქარელი/ფორმულა

"მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას" - უკრაინელმა აქტივისტებმა ამ მოწოდებით საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართეს. მათ მხარს უჭერდნენ და აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რუსეთის დანაშაულების შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს.

"დღევანდელი დღე არ დაგვიგეგმავს. რომ გავიღვიძეთ, ეს საშინელი ამბავი დაგვხვდა. უკრაინიდან მოდიოდა ამბები, რომ ვიღაცების ოჯახის წევრები ამ ტერორისტულ თავდასხმებს ემსხვერპლნენ. ომის დაწყებიდან 230-ზე მეტი დღე გავიდა, ისინი კი ამ ომს უფრო და უფრო მასშტაბურს ხდიან. არ შეგვეძლო, აქ არ შევკრებილიყავით და მთელი მსოფლიოსთვის არ გვეთქვა, რომ ეს ჩვენი ომი არაა, მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა. ამ ქვეყანას წინააღმდეგობა მთელმა მსოფლიომ უნდა გაუწიოს"- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. დაბომბეს დედაქალაქი, ასევე სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნიპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

 


close დახურვა